Monday, March 16, 2015

ნადირობა ქურციკების ყანაში

დღევანდელი პოსტის თემა ძალიან დიდი ხანია მიტრიალებს თავში. ამაზე ლაპარაკი ისეთი ფაქიზი რამეა, რომ არ ვიცი საიდან მივუდგე. არ ვიცი, დაცული ტერიტორიების რამდენ პატიოსან და ალალ თანამშრომელს ვაწყენინებ, იმედია - გამიგებთ. არ ვიცი, ავნებს თუ ასარგებლებს ეს პოსტი ყველა განათლებული ადამიანისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს - ბუნების დაცვას. მაგრამ, ქურციკის მკვლელობამ მოიტანა, თემა მომწიფდა - უნდა ვთქვა...


მაშ ასე - საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს დაცულ ტერიტორიებზე ხეტიალი, მთელი კავკასიის მაშტაბით. იაფფასიან პატრიოტიზმში იმედია არ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი აზრით საქართველო აქ პირველ ადგილზე დგას - პარკები კეთილმოწყობილია, თანამშრომლები მზად არიან დახმარება გაგიწიონ, დაცულად და კომფორტულად ხარ შენთვის, სეირნობ და კარგი მოგონებები გრჩება. ამის საპირისპიროდ ზოგ მეზობელ ქვეყანაში, სადაც დაცული ტერიტორიები საბჭოთა სისტემით მოქმედებენ, ვიზიტორი და ტურისტი მტრად თუ არა - ეჭვმიტანილად გრძნობს თავს. ეს ცალკე განხილვის თემაა, აქ კი მინდა ხაზი გავუსვა იმას, ჩვენი დაცული ტერიტორიები ჩამოყალიბებული ინსტიტუტია, მოქმედებს, აქვს ინდივიდუალური დადებითი (და უარყოფითი) ნიშანთვისებები.

ძალიან კარგი იქნებოდა მელაპარაკა კონკრეტული ადამიანების ღვაწლზეც, მაგრამ თუ დავიწყებ, აუცილებლად გამომრჩება ვინმე და ამაზე უარესი არაფერია. იმას კი ვიტვი - ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ამ სისტემაში, რომელსაც მიხარია ხოლმე ხელი ჩამოვართვა და მორიგი წარმატება მივულოცო.

ახლა კი - შევუდგეთ. სოციალური ქსელები აღშფოთებულია მოკლული ქურციკით. შეგახსენებთ - დეპარტამენტი დიდი წვალებით, აზერბაიჯანის მხარეს დახმარებით, ცდილობს ვაშლოვანში ქურციკის რეინტროდუქციას. ახლახან (რაღა ახლახან - იანვარში) ერთ-ერთი ამ ქურციკთაგანი, საყელოზე GPS გადამცემით, მოკლეს ბრაკონიერებმა. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რა შრომაა საჭირო ჯეირანის ველური ბუნებიდან ცოცხლად ამოსაღებად, მის ტრანსპრტირებისთვის, რამდენი ფულია ჩადებული მის საქართველოში მშვიდობიანად ჩამოყვანაში - მიხვდება, თუ რა ვეებერთელა ფრუსტრაციაა იმის გაგება, რომ ვიღაც არამზადამ სიამოვნების გულისთვის "გააგორა" ეს ცხოველი. გამოძიებას შედეგები არ მოჰყოლია. მედია მეტწილად დუმს. არ მიკვირს, რომ ხალხი აღშფოთებულია.

შირვანის პარკში (აზერბაიჯანი) ჯეირანების დასაჭერად გამზადებული კონტეინერები


მიკვირს მე სულ სხვა რამე - რატომ არის ხალხი აღშფოთებული ახლა? აუცილებლად ქურციკი უნდა მოეკლათ? აქამდე?.. ნუთუ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი, ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც ვაშლოვნის ტერიტორიაზე მუშაობენ, და თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ნუთუ არავინ მართლა არ იცის ვაშლოვანში რა ხდება? მიკვირს. კარგი, დავუშვათ - არ იცით. მოგიყვებით, თუ ასეა.

ხდება შემდეგი: ვაშლოვანის ეროვნული პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორიები არის კაი ჯიგრული სანადირო ადგილი. მოინადირებთ კურდღელს, ფრინველს, თუ გაგიმართლათ - მგელს ან დათვს. გახარებულ ქალაქელ ბრაკონიერებს აქვე მინდა ვაწყენინო - პირდაპირ ნუ მიეშურებით სანადიროდ - დაგიჭერენ, იარაღს წაგართმევენ, დაგაჯარიმებენ და ტელევიზორში გაჩვენებენ სამაგალითოდ. არაა ასე მიღებული, საქართველოა. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივებს, მორიგდეთ და მოგიწყობენ თითქმის გარანტირებულად დაცულ გართობას. თქვენ თუ არ წაბრძანდებით, არაა პრობლემა - ისედაც მოევლება ამ საქმეს. არც ადგილობრივები დააკლებენ და არც თუშები, რომლებსაც მანდ ცხვარი ჰყავთ ზამთრის საძოვრებზე. იმასაც დავაყოლებ, რომ დედოფლისწყაროს რაიონმა საქართველოს არაერთი "ძლიერნი ამა ქვეყნისა" აჩუქა და აბა რა ქნან რეინჯერებმა, ამალას ნადირობას ხომ არ აუკრძალავენ? თუმცა არც წინა მთავრობისას იკლავდა ზოგიერთი მათგანი თავს ბრაკონიერების დევნით. პირიქითაც ყოფილა...

სარკაზმს ვერ გავქეცი, რა ვქნა. გამიგია სადღაც: "სარკაზმი და შფოთვა მახინჯი ძმებიაო". ვერ ვლაპარაკობ დალაგებულად, ძალიან მძიმედაა საქმე ვაშლოვანში და ამიტომ. და კიდევ უფრო იმიტომ, რომ აქ ცოტა ფარისევლურად მიწევს მოქცევა - წყაროებს ვერ ვამხელ. სიტყვაზე თუ მენდობით - ეს წყაროები სანდოა.
მეცხვარეები და მათი ფარები ყველა მხრიდან უტევენ დაცულ ტერიტორიას

ვამხილე ეროვნული პარკი და მისი თანამშრომლები ცოდვებში - და აქვე მინდა დაცვის მხარეს ვუხმო. რას იტყოდა ადვოკატი ამ "პროცესზე"? ძალიან ადვილად დააღწევდნენ თავს "ბრალდებულები" და მართლაც შემამსუბუქებელი გარემოება უამრავია, შეიძლება გამომრჩა რომელიმე კიდევაც:

  1. ურთულესი ლანდშაფტი
  2. ჩვენში ბრაკონიერობის უდიდესი ტრადიცია
  3. დაცულ ტერიტორიაზე ჩაყოლებული მეცხვარეების ბინები 
  4. მესაზღვრეები (ქვეყნის უდიდესი ბრაკონიერები)
  5. ზემდგომთა ძალა და უმუშევრობა ქვეყანაში
პუნქტები 1, 3, 4 მინდა გავშალო: 
#1 - ლანდშაფტი. თუ ოდესმე ყოფილხართ ვაშლოვანში და "ალესილებში" გივლიათ, გეცოდინებათ - შიგნით შესული ადამიანი საიმედოდაა დამალული. გინდა ინადირე, გინდა - თავშიც ქვა გიხლია. ერთადერთი - არ დაიკარგო, რაც საკმაოდ ადვილია.
#3 - თუშები. ჩემი უახლოესი მეგობარია ბევრი მათგანი, ალალი და შეუპოვარი ხალხი. მაგრამ მგონებ მექსიკის სრუტეში დაქცეულმა ნავთობმა ნაკლები ზიანი მოუტანა გარემოს, ვიდრე თუშებმა - ვაშლოვანს. და არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე ხალხი ზაფხულში თუშეთის ეროვნულ პარკთან გადადის საცხოვრებლად. გაგიგიათ, რომ მანდ კალმახი, ჯიხვი, ნიამორი, დათვია ბევრი? ხალხი (ანუ მოწმე) კიდევ ცოტაა. ხო და... საჭიროა დაკონკრეტება?
#4 - მესაზღვრეები. უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს სასაზღვრო პოლიციას, მაგრამ ეგებ საჭიროა ჩვენს ბიჭებს, რომლებიც მართლაც ურთულეს პირობებში იცავენ ისედაც შევიწროვებულ საზღვრებს, უკეთესი რაციონი შევთავაზოთ? აქაც გავისხენოთ, რომ იგივე თუშეთის (და ბევრი სხვა) დაცული ტერიტორია საქართველო საზღვრებზეა განლაგებული. მერწმუნეთ, სადაც კი უვლია მესაზღვრეს განწესში და მოინადირება სტანდარტული ულუფა "ტუშონკის" რამე ჩასანაცვლებელი, ყველაფერი საფრთხეშია.

ასე რომ ვაშლოვანის ეროვნული პარკის დაცვა მარტივი საქმე არ გეგონოთ, ხუთივე ზემოთ მოყვანილი პრობლემა ძალიან სერიოზული და კომპლექსურია. კიდევ ბევრი სხვა გასაჭირიცაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი პროფესიონალი ამაზე ფიქრობს და მუშაობს, მაგრამ დღეისთვის მოცემული შედეგი აშკარად გამოსასწორებელი გვაქვს.

ალესილები, მაშტაბისთვის - მე ვდგავარ. 100-200 მეტრის სიღრმის კანიონებია, მანდ ადამიანის პოვნა შეუძლებელია, მას თუ არ უნდა.

დავუბრუნდეთ ჩვენს უბედურ ჯეირანს. მოკლეს და გაქრნენ. არ ვარ ამ საქმეში ჩახედული უფრო, ვიდრე ნებისმიერი მოქალაქე. მაგრამ ვაშლოვანის გარემოებების ცოდნა მართლაც მაძლევს უფლებას ვიქონიო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საქმის გახსნას მხოლოდ "პოლიტიკური ნება" სჭირდება, როგორც ახლა ამბობენ. არა, არ გამაგონოთ "აი წინა მთავრობის დროს..." და ა.შ. კი, შესაძლებელია მაშინ სწორედ ვაშლოვანს ემუქრებოდა ნაკლები საფრთხე. იმიტომ რომ იმდროინდელი "ძლიერნი ამა ქვეყნისა" (მგონი მესამედ ვიყენებ უკვე ამ გამოთქმას, მომიტევეთ), სხვაგან აქტიურობდნენ. იმედია, აქ არავინ ელოდებოდა ტექსტის "ნაც/ქოც" შეფერილობას? გინდათ მოვყვე თუშეთში არაბი შეიხისთვის წინა პრეზიდენტის მიერ მოწყობილ ნადირობაზე? არა? კაი ეგ სხვა ამბავია და ისევ - წყაროებს ხომ ვერ ვამხელ...

ეს ქურციკები ჯერ კიდევ პირველი შემოყვანილი პარტიიდანაა. ყველა დაიღუპა.

დასასრულს: არავინ არ გაბედოს და არ თქვას რომ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი არ მუშაობს. არავინ არ თქვას რომ ბრწყინვალე და უპატიოსნესი ხალხი არ აკეთებს ჩვენი ეროვნული პარკების ტერიტორიებზე თავის საქმეს. არავინ არ თქვას საერთოდ არაფერი, სანამ ველში არ გავა და არ დახედავს, რა რთულ ვითარებებში უწევთ ამ ხალხს ჩვენი ბუნების საგანძურებს დაცვა!

მაგრამ იმასაც ნუ გაიკვირვებთ - ვაი დედა, ვაშლოვანში ქურციკი მოუკლავთო...

No comments:

Post a Comment