Tuesday, March 10, 2015

როგორ არ მოვაჭრევინოთ ხე სამეზობლოში

მოგესალმებით. დღეს საინტერესო და ლამაზი ფოტოები არ იქნება. დღეს იქნება მორიგი ისტორია ჩვენი მოქალაქეების ერთის მხრივ სიხარბეზე, და მეორეს მხრივ - დაუდევრობაზე.

ყიფშიძის ქუჩაზე, რომელზეც ამჟამად ვცხოვრობ, გვაქვს ოთხი ხე - სამი ალვის ხე და ერთი წიწვოვანი. რადგანაც ეს ყიფშიძის ქუჩაა, ამ საწყლებს ყველა მხრიდან შეუტიეს და თავის დროზე მოაქციეს ავტოფარეხების ზოლში. ხო და ახლა ერთ-ერთი ფარეხი იყიდა ვინმე ზურაბ დალაქიშვილმა და ალვის ხეს მოჭრა დაუპირა.


არ გაუმართლა - სწორედ იმ ერთი ასზე დღეზე მოუწია მუშების მოყვანა, როდესაც სამსახურის მაგივრად სახლში ვიყავი მისული დღისით. მუშები გავაჩერე, ფარეხის მეპატრონე მანდ არ იყო და არც მინახავს. ბრიგადირს მოვთხოვე ნებართვა. არ ჰქონდა, მაგრამ მაპატრონესთან დარეკა და თურმე აუღია მართლაც ნებართვა. ნომერიც კი ჩაგვაწერინა. დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222, მოვითხოვეთ ზედამხედველობის რეაგირება.
სანამ ზედამხედველობას ველოდებოდი, ვეცადე მოსახლეობის ჩართვა. არც მოველოდი დიდ გამოხმაურებას, მაგრამ ნახევარი საათის სადარბაზოებში სირბილის და გადარეკვების მერე ორი (!!!) ადამიანი რომ შემომიერთდა, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ქართველები ვიმსახურებთ იმ ქაქს, რომელშიც ვცხოვრობთ. კაი, ამ თემას შევეშვათ ახლა.
ნახევარ საათში კიდევ ერთხელ დავრეკეთ ზედამხედველობაში და ძალიან კი გაუკვირდათ, რომ ჯგუფი არ მოსულა, მაგრამ - "გავაკონტროლებთო". ბოლოს და ბოლოს - მოვიდნენ. შეტაკებისთვის მზად ვიყავი ყვერლანაირად, მაგრამ აღმოჩნდნენ ძალიან წესიერი ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებმაც აქეთ შემოგვჩივეს "აბვა-აბა, ეგ რა ხდება, მთელი სკვერები და პარკები როგორ გაგვიჩეხეს თბილისში"-ო.
არ ვიცოდი, რა იქნებოდა შემდეგ. თურმე საქმე ასეა, იცოდეთ: ხის მოჭრის უფლებას გასცემს ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახური, მოქალაქეებისაგან მოთხოვნის საფუძველზე. ამ ნებართვას სანამ მოიყვანენ შესრუყლებაში, ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა ხე იმ მონაცემებს, რომელიც ჩაწერილია ნებართვაში. ჩვენ შემთხვევაში, ხის დიამეტრი ნებართვაში მოცემული იყო როგორც 54სმ (იზომება შემდეგნაირად: მიწიდან 10სმ-ში ზომავენ ხის გარშემოწერილობის სიგრძეს და ყოფენ 3.14-ზე), მაგრამ ხელახალმა აზომვამ აჩვენა რომ ეს ციფრი არის არაზუსტი,  სინამდვილეში არის 57სმ. ამ სამმა სანტიმეტრმა განსხვავებამ და მეთვალყურეობის პატიოსნებამ გადაგვირჩინა ეს ხე. შედგა ოქმი, ნებართვა გადასცეს დასაკორექტირებლად.
სამან დაკორექტირდება ეს ნებართვა, შევთხზე განცხადება გამწვანებაში, დღეს მოვაწერინებ ხელს ჩვენს ზარმაც მეზობლებს (იმედია ამას მაინც არ დაიზარებენ) და ხვალ შევიტან.
როგორც ფეისბუქში იტყვიან "შემდეგ რაც მოხდა - თქვენ გაგაოცებთ"! თვითონვე ზედამხედველობის თანამშრომელმა გითხრა - "ასე არ დატოვოთ ეგ საქმე. ხის ძირი ფარეხის მეპატრონის ხელშია და რასაც უნდა - იმას უზამს. მორწყავს დიზელით, ხე გახმება და მაინც მოსაჭრელი გახდება. მოიყვანეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შეაფასებინეთ ხის ჯანმრთელობა, თუ უეცრად და გაუგებარიო მიზნებით მოკვდება ეს ხე - მეპატრონის პასუხისმგებლობაზე იქნება". აი ასეთი ოქრო ზედამხედველობა გვყავს თბილისელებს! ამ დღეებში ექსპერტს მოვიყვან (ჩემი ფულით, სავარაუდოდ) და შევაფასებინებ.

აქვე მინდა დავამატო: თუმცა ვარ პარტიზანული მებაღეობა თბილისში აქტივისტი (ზარმაცი), არ მიხსენებია ეგ ამბავი არსად, მუქარა "პარტიზანებს დაგაყენებთ" (რომელიც ცნობილია, რომ ჭრის მერიასთან ურთიერთობაში), არ გამომიყენებია, შეგნებულად. მაინც კარგად წავიდა საქმე. ხო და კიდევ - მადლობა პარტიზანებს ნატას და ნიკას კონსულტაციებისთვის.

და საბოლოოდ, როგორც შეგპირდით, ეგ ამბავი ჩვენი მოქალაქეების სიხარბეზეა-თქო, ხომ შეგპირდით? ხო და ეს ზურაბ დალაქიშვილი სულაც არ აღმოჩნდა ჩვენი უბნელი და მეზობელი. სულაც არ "უშლის მას ეს ხე მანქანის შეყენებაში", როგორც გამწვანების სამსახურში მითხრეს, როდესაც შევეკითხე - "რატომ გაეცით-მეთქი ეგ მახინჯი ნებართვა?" თურმე შეძლებული საქმიანი კაცია, რომელიც ჩვენს უბანში ყიდულობს კომერციულ ფართებს, ფარეხებს. შემდეგ ამ ფარეხებში ჯიხურებს ხსნის (ასეთი "1000 წვრილმანი" ჯიხური მეზობელ ფარეხშია, მასვე ეკუთვნის) და ერთი-ორ დამატებით კაპიკს თუ ფულის სხვა ერთეულს შოულობს ამ ბიზნესით.

ხო და - ამისთვის წირავს ეგ ოხერი ჩემი ეზოს ბოლოსწინა ხეს?! ¡No Pasarán!

PS: გაგრძელება იქნება...

PPS: ვიღაცა ქუჩაში ხეს ჭრის? არ დაიზაროთ, მოითხოვეთ ნებართვა. არ დაიზაროთ, გადაამოწმეთ ნებართვა! არ დაიზაროთ, გამოიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, ნომერი მერიის ცხელ ხაზზე: (032)2722222

No comments:

Post a Comment