Monday, August 11, 2014

მტაცებელთა მიგრაცია ბათუმში და ბაზიერობა

ყველა ქართველმა ნამდვილად იცის რომ საქართველოს "უნიკალური ბუნება" აქვს. თუმცა რითაა ეს ბუნება "უნიკალური" -  ამის ცოდნა ჩვენი "სადღეგრძელოებრივი" აზროვნება აღარ მოითხოვს.
დღეს მინდა ამოვქექო ძველი (3 წლის წინანდელი, თუ არ მეშლება) ფოტოები, რომელიც გადავიღე აჭარაში, მართლაც რომ უნიკალური ბუნებრივი საოცრების შემსწრე. აჭარის ტერიტორიაზე გადის ფრინველების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგრაციის კორიდორი. ყოველწლიურად მილიონს (!!!) აღემატება შემოდგომაზე გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობა, ხოლო დანარჩენი არც კი არავის დაუთვლია...
ადგილობრივი ბაზიერები ყოველ შემოდგომაზე (და ნაწილობრივ გაზაფხულზეც), მიგრაციას იყენებენ ახალი სანადირო ფრინველების დასაჭერად. განსაკუთრებით ფასობს ლამაზად დაკოპლილი მიმინო ან ქორი.
დაჭერილ ფრინველს აჩვევენ ნადირობას ან ცვლიან სხვა ფრინველზე, ზოგს ყიდიან თურქეთში, ზოგს კლავენ, ზოგს კი უშვებენ. მიმინო ფასობს 50 ლარიდან და ზევით. ლეგენდარლი "თეთრი მიმინო", რომელიც კაცი-შვილმა არ იცის რა არის სინამდვილეში, არაბებს მიჰყიდა ვიღაც ადგილობრივმა $10 000-ად, ამას მოგიყვებათ ნებისმიერი ბაზიერი აჭარაში. აღარ ვიტყვი ახლა - სიმართლეა-თქო ეგ ამბავი, მაგრამ აღარ მახსოვს, რამდენჯერ მაქვს ეგ ლეგენდა მოსმენილი ბაზიერების შესახებ ფილმზე მუშაობისას... 
ამ ფილმზე ახლაც ვმუშაობთ, გერმანელ პროდიუსერებთან ერთად (ამიტომაც გამახსენდა ამაზე დაპოსტვა). შეიძლება წელსაც მომიწიოს აჭარაში გადაღებები... ძალიან გამიხარდება თუ ასეა - საოცარი ბუნებაა და საოცარი ხალხი.






No comments:

Post a Comment